• ვორქშოფების სერია თბილისში

    23-25 თებერვალს ფაბრიკის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა Social Impact Award-ის ვორქშოფების სერია. ღონისძიების ფარგლებში, 50-ზე მეტ სტუდენტს ჩაუტარდა ტრეინინგი იდეის გენერირებასა და ბიზნესგეგმის მომზადებაში.

    ვორქშოფების განმავლობაში სტუდენტებმა იმუშავეს თავიანთ იდეებზე და წარმოადგინეს ბიზნეს-გეგმების მონახაზი.

  • გახსნითი ღონისძიება

    Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award. პროგრამის გახსნითი ღონისძიება 16 თებერვალს ფაბრიკაში გაიმართა.

    Social Impact Award (სია) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 25 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად. პროგრამა მოიცავს ვორქშოფებს, ფინალისტი გუნდების ორთვიან ინკუბაციას და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს. Social Impact Award-ის პარტნიორია საქართველოს ბანკი. აღნიშნული თანამშრომლობა გასულ წელს შედგა და მიმდინარე წელსაც წარმატებით გრძელდება.

    2018 წელს პროგრამა ფართოვდება, ვორქშოფები ჩატარდება საქართველოს რამდენიმე ქალაქში (თბილისი, თელავი, რუსთავი, ბათუმი). გარდა ამისა, Impact Hub Tbilisi-მა მოიპოვა სიას საერთაშორისო სამიტის მასპინზლობის ლიცენზია, რომელიც გაიმართება 2018 წლის ნოემბერში. სამიტში მონაწილეობას მიიღებს ყველა ქვეყნის გამარჯვებული გუნდი, რაც ნიშნავს 200-მდე ახალგაზრდა მეწარმეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

    Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. გასულ წელს ვორქშოფები ჩატარდა თბილისსა და თელავში, დაესწრო 200-მდე სტუდენტი. საბოლოოდ გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი, სამივე ძალიან აქტუალურ სოციაურ თემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

    პროგრამის ორგანიზატორია Impact Hub Tbilisi. მხარდამჭერები: საქართველოს ბანკი, აჭარა ჯგუფი, ფოთის ტერმინალი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP.

    “Impact Hub Tbilisi პროგრამა Social Impact Award-ის საშუალებით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე. წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ვმასპინძლობთ პროგრამის საერთაშორისო სამიტს, რომლის ფარგლებშიც ნოემბერში საქართველოს ეწვევა 200-მდე ახალგაზრდა სოციალური მეწარმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ღონისძიება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან გვექნება შესაძლებლობა გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება სოციალური მეწარმეობის კუთხით” – აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.

    „საქართველოს ბანკი, მეორე წელია მხარს უჭერს პროგრამა Social Impact Award-ს, რომელიც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხელს უწყობს სოციალური მეწარმეობის შესახებ, როგორც ცნობიერების ამაღლებას, ასევე შედეგზე ორიენტრიებული პროექტების განხორციელებას. გასულ წელს SIA-სთან თანამშრომლობა წარმატებული იყო, რადგან პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა იქნა განხილული. საბოლოოდ კი, საქართველოს ბანკმა, 3 გამარჯვებულ გუნდს ფულადი ჯილდო გადასცა, გრანტის სახით. საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია თავად მუშაობს სწორედ სოციალური საწარმოების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე და ჯამში 2 წლის განმავლობაში, 10 პროექტი დააფინანსა, სოციალური მეწარმეობის კუთხით“ – განაცხადა საქართველოს ბანკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა კაკაბაძემ.

  • Social Impact Award-ის ფინალისტები გამოვლინდნენ

    როგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში სულ 48 აპლიკაცია შემოვიდა და ჟიურიმ, მათ შორის, რვა საუკეთესო პროექტი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2017 წლის ივნისსა და ივლისში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და მენტორების დახმარებით, რეალისტურ ბიზნესგეგმებს შეიმუშავებენ.

    ფინალისტი პროექტები:

    • Braille Reader – ელექტრონული წიგნების წამკითხველი უსინათლოთათვის, რომელიც ნებისმიერ ტექსტს სპეციალურად შექმნილ ეკრანზე გამოსახავს
    • ააწყვე და გააცოცხლე – ხის ფანქარი და ფაზლი, რომელიც მოზარდებს პატარაობიდანვე უნერგავს ბუნების სიყვარულს და სახალისო თამაშით შეასწავლის მოსაბეზრებელ თეორიულ მასალას
    • Sign and Sound – ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან.
    • Spectrum – ბიზნესიდეა, რომელიც მოემსახურება ნაცრისფერი ქალაქის გალამაზებას გრაფიტის საშუალებით და მხარს დაუჭერს ახალგაზრდა არტისტების განვითარებას.
    • Book AR – Augmented Reality-ზე დაფუძნებული ინოვაციური აპლიკაცია, რომელიც რადიკალურად შეცვლის თანამედროვე სწავლების მეთოდს, რომელიც მობილური ტელეფონის კამერის საშუალებით მომხმარებელს დაანახებს ტექსტის ძირითად სათქმელს, ორ და სამგანზომილებაში, ვიდეოს, ანიმაციისა და 3D მოდელების დახმარებით.
    • Ecoland – მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს ნაგვის სანაგვე ყუთში გადაყრისთვის ქულებით დააჯილდოვებს, რაც მოგვიანებით სხვადასხვა პროდუქციაზე გადაიცვლება.
    • Ikids – ვებ.გვერდი, რომელიც დაეხმარება ატიპიური განვითარების მქონე ბავშვებს განვითარებასა და გარემოსთან ადაპტაციაში.
    • Dark Cafe and Gallery კაფე-გალერეა, სადაც დასაქმდებიან მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანები. გარდა ამისა, კაფეში შეიქმნება სიმულაციური გარემო, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ შეიგრძნონ როგორია ცხოვრება სინათლის გარეშე. მათ მეგზურობას კაფეში დასაქმებული შშმ პირები გაუწევენ.